Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსმა დაბლოკა ევროკავშირის სანქციები ბელარუსისთვის


ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 21 სექტემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ, ვერ შეძლეს შეთანხმება ბელარუსისთვის დასაწესებელ სანქციებზე, მიუხედავად თხოვნისა ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ბელარუსი ოპოზიციონერის მხრიდან.

ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციებს კვიპროსი აპროტესტებდა და ევროკავშირისგან მოითხოვდა ზომების მიღებას თურქეთის წინააღმდეგ, ამ საკითხთან კავშირის არმქონე უთანხმოებაზე, ანკარის მიერ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გაზის მოპოვების მოქმედებების გამო.

ჩიხმა, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წევრის მოქმედებამ შექმნა, კიდევ ერთხელ გამოაჩინა, როგორ იწვევს ევროკავშირის დიპლომატიის პარალიზებას სისტემა, რომელშიც ერთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს ყველა დანარჩენის წინააღმდეგ.

უთანხმოებაზე მოლაპარაკება გაგრძელდება ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, 24-25 სექტემბერს.

"მიუხედავად ამ სანქციების მიღების მკაფიო ნების არსებობისა, დღეს ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან აუცილებელი ერთსულოვნება არ იქნა მიღწეული" - უთხრა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჯოზეპ ბორელმა ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც შეხვედრას უმასპინძლა. მან დასძინა, თუ ევროკავშირი სანქციების დაწესებას ვერ შეძლებს, ეს ჩვენს სანდოობას დააყენებს კითხვის ქვეშო.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში მოლაპარაკების დაწყებამდე შეხვდა, ბლოკს "უფრო მეტი სიმამაცის" გამოჩენისკენ მოუწოდა და მინისტრებს მასობრივი საპროტესტო აქციების და საპოლიციო სისასტიკის ამსახველი ფოტოები აჩვენა. სანქციები მნიშვნელოვანი იარაღია საიმისოდ, რომ "ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენთან დიალოგი დაიწყოს", და ევროკავშირმა ლუკაშენკას ლეგიტიმურობა არ უნდა სცნოსო, უთხრა ციხანოუსკაიამ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG