რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სამხედრო ბაზებით უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, - ამის შესახებ ნათქვამია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ანგარიშში სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“.
„გამყოფი ხაზის გასწვრივ მთელ პერიმეტრზე რუსეთის ფსბ-ს ნაწილების განლაგება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ქართველებსა და აფხაზებს/ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობის კონტროლს ემსახურება“, - დაასკვნის ორგანიზაცია..
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებით, რუსეთმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.
„საუბარია იმ სამხედრო ბაზების გაძლიერებაზე, რომლებიც ეუთოს 1999 წლის სტამბოლის სამიტის შეთანხმებით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა. აღნიშნული ვალდებულების საპირისპიროდ, რუსულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბაზები გააძლიერა და ახლების მშენებლობა დაიწყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაფორმებულ 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ომამდე მდგომარეობის დაბრუნებასაც გულისხმობდა, იგივე ბედი ეწია. მისი შესრულების ნაცვლად, დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაცია“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების მკვლელობის შემთხვევები რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2014 წლიდან დღემდე განსაკუთრებული სისასტიკით საქართველოს ოთხი მოქალაქეა მოკლული: 2014 წელს - 18 წლის დავით ბაშარული, 2016 წელს - 31 წლის გიგა ოთხოზორია, 2018 წელს - 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, 2019 წელს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია“.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის გაზრდილ ჩარევას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა.
„გამყოფი ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების უმეტესობის ჩაკეტვამ სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებების რიცხვი. გადაადგილების თავისუფლებაზე მკაცრმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების საარსებო პირობებზე, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე და ხელი შეუწყო ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტში დაკეტა კორონავირუსის პანდემიის გამო. მარტის შემდეგ „საზღვარი“ რამდენჯერმე, ჰუმანიტარული მიზნით გახსნეს.
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დაკეტა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო.
დაწერეთ კომენტარი