Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის სასამართლომ იზოლატორში დატოვა პოლიტპატიმრები მარია კალესნიკავა და ილია სალეი


მინსკის საქალაქო სასამართლომ 21 სექტემბერს განიხილა ოპოზიციონერი მარია კალესნიკავას და მისი ადვოკატის, ილია სალეის სარჩელი დაკავების შესახებ.

სხდომა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მინსკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კალესნიკავას დაცვის მხარის სარჩელი დაკავების თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს აცნობა კალესნიკავას ადვოკატმა, ლიუდმილა კაზაკმა. „მიზეზები მოსამართლეს არ აუხსნია. თუ გადაწყვეტილებას გადმოგვცემენ, მას მაღალ ინსტანციაში გავასაჩივრებთ“, - ამბობს ლიუდმილა კაზაკი.

ადვოკატის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო, კალესნიკავა, რომელიც ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრია, იზოლატორში რჩება.

ადვოკატის თქმით, თავად კალესნიკავა სასამართლოს სხდომაში ვიდეოკავშირით მონაწილეობდა. „ის მშვენივრად გამოიყურებოდა, კარგ გუნებაზე იყო, ყველას ესალმებოდა. მას დარბაზში ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეხვდნენ, რაც მოსამართლეს არ მოეწონა“, - ამბობს ადვოკატი. კერძოდ, კალესნიკავა მიესალმა თავის მამას, ალექსეის და დასავლეთის ელჩებსა და დიპლომატებს, რომელთაგან ბევრს ეკეთა სამკერდე ნიშანი წარწერით „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი დაპატიმრებული არიან ერთ საქმეზე, რომელიც აღძრულია „ძალაუფლების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით.

ამის შესახებ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა 9 სექტემბერს განაცხადა და დასძინა, რომ „ეჭვმიტანილთა მიმართ პროკურორის სანქციით გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა“. უწყებაში დაამატეს, რომ იმავე საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, კალესნიკავას ადვოკატი, ილია სალეი.

მარია კალესინიკავა და მაქსიმ ზნაკი იყვნენ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შვიდწევრიანი პრეზიდიუმის ბოლო ორი წარმომადგენელი, რომლებიც 9 სექტემბრამდე აგრძელებდნენ საქმიანობას. დანარჩენი ხუთი წევრი მანამდე ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააძევეს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრია ასევე, ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც არ მონაწილეობდა პრეზიდიუმის სხდომებში, მაგრამ აცხადებს, რომ მთლიანად იზიარებს ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს: გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG