Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გაასამართლეს დონბასში ბრძოლებში მონაწილეობისთვის ბრალდებული ბელარუსის მოქალაქე


ჩეხეთის სასამართლომ 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების რიგებში.

ამ განაჩენის მიხედვით, ალექსეი ფადეევი, რომელსაც ჩეხეთში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვს, დეპორტირებულ იქნება და მას 4 წლით აეკრძალება ჩეხეთის ტერიტორიაზე დაბრუნება. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება.

საქმე განიხილებოდა პრაღის საქალაქო სასმართლოში. ბრალდების მხარე ფადეევისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა „ტერაქტის“ მუხლით. მაგრამ ის გაასამართლეს უფრო მსუბუქი მუხლით, რაც დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობას გულისხმობს. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ფადეევი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

თავად ბრალდებული უარყოფდა დანაშაულს და აცხადებდა, რომ სურდა „ხალხს დახმარებოდა უკრაინელი ფაშისტებისგან თავის დაცვაში“. ის არ უარყოფს „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ რაზმებში მონაწილეობას იარაღით ხელში, მაგრამ აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

გამოძიების თანახმად, ბელარუსის მოქალაქე 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე არაერთხელ გაემგზავრა დონბასში, სადაც იბრძოდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. რესპუბლიკური გვარდიის რიგებში. 2019 წელს ჩეხეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - იმ დროისთვის ის ქვეყანაში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის იყო გასამართლებული.

ჩეხეთის კანონებით, კანონიერი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ შეიარაღებულ რაზმებში მონაწილეობა დანაშაულად მიიჩნევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG