Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი ერთი კვირით გადაიდო, ვინაიდან მისი საბჭოს პრეზიდენტი კარანტინში ექცევა


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ევროკავშირის სამიტი, რომელიც კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო ბრიუსელში, ერთი კვირით გადაიდო, რათა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, კარანტინში შეძლოს დარჩენა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მისი დაცვის წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

ამიტომ ბლოკის ლიდერები 1-2 ოქტომბერს შეიკრიბებიან, განცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

მიშელმა „დღეს აღმოაჩინა, რომ დაცვის წევრმა, რომელთანაც მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გასულ კვირაში, COVID-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო,“ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ბარენდ ლეიტსმა 22 სექტემბერს.

როგორც მოელიან, დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ბელარუსის მიმართ ევროკავშირის სანქციების საკითხიც საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას სადავო გამარჯვებისა და სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.

როგორც იტყობინებიან, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მოახერხეს, შეეთანხმებინათ ბელარუსის მიმართ სანქციების სია. სანქციების საკითხი დაბლოკა კვიპროსმა, რომელსაც სურს, ეს საკითხი დაუკავშიროს თურქეთთან დავას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვების თაობაზე.

ასეთი საკითხები ერთსულოვნად უნდა იქნეს მიღებული. ნიქოზიის დარწმუნება ვერ შეძლეს მის მიმართ სიმპათიით განწყობილმა ისეთმა ქვეყნებმაც, როგორიცაა საფრანგეთი.

სამი კვირის წინ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციებს დაუწესებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ კანონდარღვევებისა და კენჭისყრის გაყალბებისთვის.

ჯერჯერობით ბლოკმა თავი მოუყარა 40 ადამიანისგან შემდარ სიას, რომელთაც აქტივების გაყინვა და სავიზო აკრძალვა ემუქრებათ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც ახლახან ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ბლოკს მოუწოდა, „უფრო თამამი“ იყოს თავის მოქმედებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG