Accessibility links

ბათუმში პაციენტს კორონავირუსი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაუდასტურდა


კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დღეს ბათუმში გარდაიცვალა, 76 წლის მამაკაცი იყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის კლინიკა "მედ ემერჯენსში" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 22 სექტემბერს 0:52 საათზე მიიყვანა ცხელების და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა როგორც მძიმე. მას ჰქონდა რთული ანამნეზი - გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, არითმია და გულის უკმარისობა: „კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე. პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19“.

დღეს საქართველოში ორი ლეტალური შედეგი დადასტურდა. დილით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში ლეტალური შედეგი აღარ ყოფილა. 20-23 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG