Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში გაიმართება საქართველოს ხელისუფლების და საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა შეხვედრა


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. ქართული მხარისთვის უმთავრეს საკითხებს შორისაა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო სამუშაოები და ახალგორში შექმნილი ვითარება.

დღეს იწურება ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ შეუფარდა საოკუპაციო ხაზთან ივლისში დაკავებულ ზაზა გახელაძეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე დაკავებისას ფეხში დაჭრეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, დე ფაქტო პროკურატურა ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.

ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ზაფხულში დაკავებული, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილიც, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროშია სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, შემდეგ ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ბოლო ხანს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „საზღვრის“ მოწყობის სამუშაოები განაახლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, ხურვალეთთან და ზემო ნიქოზთან და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან.

ერგნეთში წინა შეხვედრა 30 ივლისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG