Accessibility links

კლინიკის COVID-ცენტრად გადაკეთებას ეწინააღმდეგება ქუთაისში სამშობიარო სახლის პერსონალი


ქუთაისში, ჯავახიშივლის ქუჩაზე მდებარე მესამე სამშობიარო სახლის სამეანო- გინეკოლოგიური და ქირურგიული განყოფილებების მედპერსონალი კლინიკის COVID-მიმღებ ცენტრად გადაკეთებას ეწინააღმდეგება. ექიმებმა და ექთნებმა სამშობიაროს მიმღებთან აქცია გამართეს და COVID-ცენტრისთვის საჭირო ინვენტარის კლინიკაში შეტანა გააპროტესტეს. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების განცხადებით, კლინიკა დროებით დაიხურება და მშობიარეებს ვეღარ მიიღებს. COVID -ცენტრად გადაკეთების შემთხვევაში კი უმუშევრად დარჩებიან.

„COVID - 19 ინფექციური დაავადებაა და ამისთვის ჩვენ გადამზადებული კადრები არ გვყავს. გარდა ამისა, ეს თანამშრომლების ნაწილი ქრონიკული დაავადების მატარებელია, რამდენიმე ორსულია და ისინი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ვერ იმუშავებენ. მოვითხოვთ, გაიმიჯნოს სივრცეები და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა," - ამბობენ აქციის მონაწილეები.

სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილების გამგის, პედიატრ მარინე გოცირიძის განცხადებით, მეორე დღეა (მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა სამშობიაროს COVID-ცენტრად გადაკეთების შესახებ) კლინიკის ადმინისტრაციასთან ცდილობენ მოლაპარაკებას, რადგან არ სურთ უმუშევრად დარჩენა. მარინე გოცირიძის თქმით, სამშობიარო სახლის მედპერსონალი კლინიკის COVID-მიმღებ ცენტრად გადაკეთებას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება, მათ შორის იმის გამო, რომ სამშობიარო სახლის შენობას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბოქსირებული პალატები და ლაბორატორია.

პედიატრ მარინე გოცირიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციისგან უარი მიიღეს შეთავაზებაზე. მედპერსონალი მოითხოვს, სამშობიარო სახლის შენობაში, მათთვის სივრცის გამიჯვნას, სადაც კომპაქტურად განთავსდებიან და სამშობიარო ფუნქციონირებას გააგრძელებს. მათი წინადადებით, შენობის ნაწილში უნდა მოეწყოს და აღიჭურვოს COVID-მიმღები ცენტრისთვის შესაბამისი პროტოკოლით.

ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის დირექტორის დარეჯან შავიშვილის განცხადებით, კლინიკის COVID-ცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა. დირექტორის განმარტებით, კლინიკა COVID-ცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება, ამ დროის განმავლობაში კი თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს მუშაობა, თუმცა უარი მიიღეს.

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 კრიტიკული მდგომარეობის პაციენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG