Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი: ძლიერი საქართველო ნატოში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია შედგეს


ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

„ნატოში გაწევრიანება მეხუთე მუხლის პირდაპირი აქტუალიზაციით და გამოყენებით არის შეუძლებელი. ეს უნდა ვაღიაროთ და უნდა დავთანხმდეთ ნატოში გაწევრიანებას ნატოს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენების გარეშე და ესეც მოგვცემს შანსს და საშუალებას იმისას, რომ მეტი მოკავშირე შევიძინოთ, მეტად გავანეიტრალოთ საფრთხეები და მეტად წავიწიოთ წინ ამ კუთხით“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „განახლებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ძლიერი საქართველო ნატოში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია შედგეს, ნატოში გაწევრიანება კი არის საქართველოს აუცილებელი მიზანი იმისთვის, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ:

„რას ვგულისხმობ, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებული არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგად, რომელზეც ძალიან დიდი ფსონი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, პირიქით უფრო მეტად გავიუარესეთ ჩვენი მდგომარეობა როდესაც დავკარგეთ ყურადღება და მოკავშირეები. როდესაც ჩვენ დასავლეთს ვეუბნებოდით, რომ გვაცალეთ ცოტა ხანი ჩვენ თვითონვე გავერკვევით მათთან. ეს არ იყო სწორი. და ამ შემთხვევაში მეტი ჩართულობა დასავლეთის, მეტი ჩართულობა ჩვენი მოკავშირეების იყო პირიქით უფრო მეტი შედეგის მომტანი“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე კი, რომ საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რუსეთის მიმართ სხვა რიტორიკაც ახსოვს, განაცხადა:

„როდესაც თქვენ გაგდებენ ტალახიან მინდორზე და იქ გთავაზობენ ბრძოლას აკრძალული მეთოდებით და თქვენს წინააღმდეგ იყენებენ უამრავ აკრძალულ მეთოდს, დროდადრო გიწევთ აკრძალული მეთოდების გამოყენება, რაც დღევანდელი გადასახედიდან დარწმუნებული ვარ და ამაში გეთანხმებით, არ ჩანს კარგად და ბუნებრივია არ იყო სწორი, მაგრამ იმ გადასახედიდან და იმ მომენტში ალბათ მეტი არჩევანის საშუალება და უფლება მე არ მქონდა, უფლება არა რა თქმა უნდა, შესაძლებლობა. ყველა პარტიის დაფუძნებისას ან მიჭერდნენ, ან ქვეყნიდან მაძევებდნენ, შესაბამისად ამას ვგულისხმობ იმაში, რომ აკრძალულ მეთოდებს იყენებდნენ ჩემთან მიმართებაში", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" თემაზე არჩევნები 2020.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც იგი 15 მაისს „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანთან, გიგი უგულავასთან ერთად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 2019 წლის ივლისში დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის აპრილში ცნო დამნაშავედ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2001-2007 წლებში ირაკლი ოქრუაშვილი იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორის, შიდა ქართლის გუნერნატორის, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობებს, იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბლოკიდან „სააკაშვილი-ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამჟამად იგი თბილისის საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებული კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG