Accessibility links

logo-print logo-print

გახარია - კიბერსივრცესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს


ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი, რომელიც თბილისში ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს.

„ჩვენ ყველას გვახსოვს კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს; 2019 ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა 1-ელ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია ეროვნული მასშტაბის სტრუქტურის არსებობა, რომლის უფლებამოსილებაშიც შესაბამისი სექტორული უწყებების კოორდინირება შევა.

„დღევანდელი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მაღალ პოლიტიკურ დონეზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთობლივი განზრახვების კიდევ ერთხელ დადასტურება და ამავდროულად, სამუშაო დონეზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის კანონპროექტის და ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის დეტალური განხილვა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი თბილისში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა, მთავრობის პრესცენტრის თანახმად, ყოველწლიური გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG