Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ მასაც დააკავებენ


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მისი წყაროს, დავით ფურცხვანიძის მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავების შემდეგ, ფიქრობს რომ მასაც დააკავებენ. მიმდინარე გამოძიება და მისი წყაროს დაკავება მიხეილ რამიშვილს უმყარებს ეჭვებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილში "არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები."

"დავით ფურცხვანაძის დაკავება პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებითი მასალები, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, სადაც აღმოაჩინეს 18-დან 22 ივლისამდე.

მფარველობა მიდის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ბატონი დავითის დაკავების შემდეგ, მეც დამაკავებენ. როგორ შეიძლება წყარო დააკავო, რა შუაშია?! ეს მე გადმომიგზავნა მასალები და მე გავასაჯაროვე, მტკიცებულებად რომ შეაფასეს. თუ გაყალბებაზეა საუბარი, რა გაყალბდა?! რაში მედავებიან?! ჩემამდე არ დადის, მე ეს

სატელიტის ფოტოები არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მოვიტანე.

გამოდის, რომ მალე მეც დამაკავებენ და საქმესაც ჩამომაშორებენ. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები ამ დანაშაულში, რომლებიც ნათლად, პირდაპირ მიუთითებენ მფარველობაზე. პირდაპირ არის მითითება, რომ მკვლელობაა ჩადენილი ბაჩალიაშვილის მიმართ, თორემ ამხელა მფარველობა, ამხელა ჩართულობა ამ პატარა საქმის მიმართ, რაც დაკავშირებულია დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან და ახლა ჩემი მისამართით გადასვლა... წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ამგვარი რამ წარმოუდგენელია", -განაცხადა რამიშვილმა დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც დაზარალებულის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს whatsapp-ის საშუალებით მიაწოდა ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რომელიც არაავთენტური აღმოჩნდა, დღეს 25 სექტემბერს დააკავეს. მის დაკავებასთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, დღის 2 საათზე გენერალურ პროკურატურაში ამ თემაზე ბრიფინგია ჩანიშნული. მიხეილ რამიშვილი მის შესაძლო დაკავებაზე განცხადებებს მას შემდეგ აკეთებს, რაც პროკურატურამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საქმის გამოძიების ფარგლებში მისი პირადი ტელეფონი ინფორმაციის ამოსაღებად ამოიღო. ადვოკატი ამბობდა, რომ ტელეფონის ჩამორთმევის შემდეგ, მოსალოდნელი იყო თავისუფლების ჩამორთმევაც, თუმცა ზეწოლის მიუხედავად, საქმეზე ჩამოშორებას არ აპირებდა.

დავით ფურცხვანიძე რამიშვილს არწმუნებდა, რომ ფოტოები იმ დღეს იყო გადაღებული როცა თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა და მისი სამძებრო ღონისძიებები ტარდებოდა და იმ ადგილას იყო გადაღებული, სადაც მისი მანქანა გარდაცვლილის გვამით იპოვეს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ. 8 სექტემბერს ფორმულას ეთერში გასაჯაროებული ეს ფოტოები დაცვის მხარისთვის იყო მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმ ადგილას, სადაც იპოვეს, არ იმყოფებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ.

23 სექტემბერს საქმის პროკურორმა თქვა ისიც, რომ დავით ფურცხვანიძისგან მოდიოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ გაჟღერებული ვერსია იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემაში თამარ ბაჩალიაშვილის მონაწილეობის შესახებ.

დავით ფურცხვანიძის დაკავების ფაქტს მედიასაშუალებებთან ოჯახი ადასტურებს, პროკურატურა კი ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. მთავარ პროკურატურაში დღის 2 საათისთვის ჩანიშნულია ბრიფინგი და დამატებითი დეტალები ამ გამოძიების შესახებ სავარაუდოდ ამ დროს გახდება ცნობილი.

დავით ფურცხვანიძე დაკავშირებულია რამდენიმე ორგანიზაციასთან, არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის” დამფუძნებელი. მას ეკუთვნის ანალიტიკური სააგენტო „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი”, მის სახელზეა რეგისტრირებული „სპუტნიკ ტვ”, „გრუსს.ჯი“ და Europe Studies Labor (ESL) Georgia. ამ უკანასკნელმა 2020 წელს გამოსცა წარმოშობით ბანგლადეშელი ავტორის წიგნი „ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი”.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: “ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებგვერდები ჩნდება

გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე თუ ზეწოლა ადვოკატზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG