Accessibility links

გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე თუ ზეწოლა ადვოკატზე


ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქალაქო სასამართლოში ადვოკატის გამოკითხვამდე

23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილითამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმე უკვე ცალკეა გამოყოფილი. ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის დაცვის მხარე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანხლებით დაიკითხა, გამოძიებამ ამოიღო ინფორმაციაადვოკატის პირადი ტელეფონიდან. სხვა ადვოკატები თვლიან, რომ ამგვარი ჩარევა ადვოკატის საქმიანობაში დაუშვებელია. მიხეილ რამიშვილის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში მისი კოლეგების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

  • არის თუ არა მტკიცებულებების გაყალბების საქმე ადვოკატების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესი?
  • ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება გაყალბებული სატელიტის ფოტოებში - ადვოკატის თუ წყაროსი, რომელიც არწმუნებდა, რომ ფოტოები ავთენტური იყო?
  • გაყალბებული სატელიტის ჩანაწერების გარდა კიდევ რა საფრთხეს ქმნის მიხეილ რამიშვილის წყარო ანტიდასავლური ნარატივით და საეჭვო სანდოობის ვებ-საიტებზე გამოქვეყნებული კონსპირაციული მასალებით?

მიმართულება იქით ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე. ხომ არ ვიცოდი, რომ ეს სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი [დავით ფურცხვანიძე] და ა.შ. გამოძიებას არანაირი ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე ხელი ჰქონდა შეშლილი, გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს. რაც დრო დაიხარჯა ამ აბსურდულ ძიებაში და იმ ქმედებაში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაშორონ, ჯობდა ეს ენერგია და დრო საქმეში დაეხარჯათ და არა ამ აბსურდულობაში”, - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ის პროკურატურისგან ითხოვს სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალას იმის მტკიცებულებად, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი პოვნის ადგილას იდგა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მას ეძებდნენ. პროკურატურაში კვლავ ამბობენ, რომ ამგვარი სატელიტური ჩანაწერების მიღება მარტივი საქმე არ არის და კომუნიკაციას სხვადასხვა კომპანიასთან ამ თემაზე კვლავ აქტიურად განაგრძობენ.

“დაკითხვა ჩატარდა, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს არ არის ქცევა, როცა მოწმედ ვკითხავთ ადვოკატს. მეტი ვალდებულება გააჩნია ადვოკატს, მით უმეტეს, როცა დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია ან მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა მიხეილ რამიშვილის გამოკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ. ის უარყოფს იმ ფაქტს, რომ მიხეილ რამიშვილის გამოკითხვამდე, სასამართლოს განჩინებით, მისი პირადი ტელეფონიდან დიდი მოცულობის - მათ შორის საქმესთან კავშირში არარსებული და პერსონალური -მონაცემები, პირადი ჩანაწერები, ფოტო და ვიდეომასალა ამოიღო გამოძიებამ და ამბობს, რომ მათი ინტერესის საგანი მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიხეილ რამიშვილის კომუნიკაცია იყო.

23 სექტემბრის გამოკითხვების შემდეგ უკვე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ დავით ფურცხვანიძემ მიხეილ რამიშვილს არა მხოლოდ სატელიტის გაყალბებული სურათები მიაწოდა, არამედ ისაა წყარო ვერსიის, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი პროგრამისტი დაკავშირებული იყო კავკასიაში იარაღით არალეგალურ ვაჭრობასთან.

30 აგვისტოს გამართული აქცია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების მიერ მთავარ პროკურატურასთან, სადაც გარდაცვლილის დედამ თქვა, რომ თამარს გაშიფრული ჰქონდა კავკასიაში იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა და ამიტომაც მოიშორეს თავიდან ამ სქემაში ჩართულმა პირებმა
30 აგვისტოს გამართული აქცია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების მიერ მთავარ პროკურატურასთან, სადაც გარდაცვლილის დედამ თქვა, რომ თამარს გაშიფრული ჰქონდა კავკასიაში იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა და ამიტომაც მოიშორეს თავიდან ამ სქემაში ჩართულმა პირებმა

პროკურორის თქმით, დღეს რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში „ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე ჰყავდა შეყვანილი. მიხეილ რამიშვილმა “ფორმულას” ეთერში სწორედ ამ კონტაქტიდან მიღებული სატელიტის ორი ფოტო აჩვენა, რომლებიც არაავთენტური აღმოჩნდა.

გზავნილი Whatsapp-დან მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, რომელიც მან ფორმულას ეთერში გაასაჯაროვა
გზავნილი Whatsapp-დან მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, რომელიც მან ფორმულას ეთერში გაასაჯაროვა

მიხეილ რამიშვილმა, მას შემდეგ, რაც გამოძიება მისი პირადი ტელეფონით დაინტერესდა, თქვა, რომ ტელეფონის ჩამორთმევის შემდეგი ნაბიჯი თავისუფლების ჩამორთმევა იქნება.

პროკურატურა ამბობს, რომ მტკიცებულებების გაყალბების საქმეზე გამოძიება მათ მიხეილ რამიშვილის დასაჭერად არ სჭირდებათ, ადვოკატები კი დაუშვებლად მიიჩნევენ გახმაურებული საქმის ადვოკატის მიმართ სასამართლოსა და პროკურატურის ამგვარ დამოკიდებულებას. მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად შეკრებილი კოლეგები საქალაქო სასამართლოს წინ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ადვოკატს აქვს უფლება თავისი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია არ გასცეს და ამბობდნენ იმასაც, რომ მტკიცებულებების გაყალბებისას ბრალდებამ უნდა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ ფალსიფიკაცია იყო შეგნებული და წინასწარ განზრახული.

ადვოკატები მიხეირ რამიშვილის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში
ადვოკატები მიხეირ რამიშვილის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მტკიცებულებების განზრახ ფალსიფიცირების დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ რამიშვილის თუ მისი წყაროს, დავით ფურცხვანიძისა? - ამ კითხვას ჯერ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორები არ პასუხობენ, თუმცა დავით გუმბერიძემ დღეს მიხეილ რამიშვილის დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ შესაძლოა მან იცოდა კიდეც სატელიტიდან გადაღებული ფოტოების გასაჯაროებისას, რომ ისინი ნამდვილი არ იყო. ეს მოცემულობა ორივე პირის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი, ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილმა ფურცხვანიძეს ჰკითხა ამ ფოტოების ნამდვილობის შესახებ. პასუხად ფურცხვანიძე რამიშვილს უმტკიცებდა, რომ ეს ფოტოები ნამდვილად ავთენტური იყო და ამის დამტკიცებას ყველგან შეძლებდა.

სატელიტის ფოტო, რომელიც ბაჩალიაშვილის ადვოკატმა დავით ფურცხვანიძისგან მიიღო და რომელიც მისი მტკიცებით სოფელ მაწევანს ასახავს 2020 წლის 19 ივლისს. პროკურატურის და სპეციალისტების მტკიცებით, გრაფიკული მასალა ყალბია
სატელიტის ფოტო, რომელიც ბაჩალიაშვილის ადვოკატმა დავით ფურცხვანიძისგან მიიღო და რომელიც მისი მტკიცებით სოფელ მაწევანს ასახავს 2020 წლის 19 ივლისს. პროკურატურის და სპეციალისტების მტკიცებით, გრაფიკული მასალა ყალბია

რადიო თავისუფლებამ დავით ფურცხვანიძის პასუხისმგებლობაზე კითხვები დაუსვა პროკურორ ამირან გულუაშვილსაც. გვაინტერესებდა, გამოძიება დაინტერესებულია მხოლოდ სატელიტის ფოტოების გაყალბების საკითხით თუ იკვლევს, ასევე, ფურცხვანიძეზე დაყრდნობით საეჭვო სანდოობის მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებს დანაშაულებრივ ქსელებზე, მის ანტიდასავლურ განცხადებებს და შესაძლო მოტივს, რის გამოც ის ბაჩალიაშვილის საქმეს დაუკავშირდა.

“გამოძიების მიზანი არის შეამოწმოს ყველა ის გარემოება, რომელზეც აპელირებს ბატონი ფურცხვანიძე, მათ შორის მის მიერ ამ ფოტოსურათების მიღების საკითხი, შემდგომში მისი გადაცემა ადვოკატისთვის, მიზანი, რითაც ის მოქმედებდა და ა.შ. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა მიმართულებით, რაც დაკავშირებულია მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციასთან”, - გვითხრა პროკურორმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი კი თვლის, რომ “ბრალდებები, რასაც ფურცხვანიძე აჟღერებს, არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და მან ამასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, ეს იქნება იმის დამადასტურებელი, რომ მისი მიზანი იყო [ბაჩალიაშვილის საქმისთვის] ჩრდილის მიყენება და სანდოობის დაკარგვა”. იურისტის თქმით, ამ შემთხვევაში გამოძიებამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს მისი მიზანი, რის გამოც ბაჩალიაშვილის საქმესთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

ამბები, რომელსაც დავით ფურცხვანიძე 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ჰყვება, ამ დრომდე არ შეიცავს მტკიცებულებებს და თავად ფურცხვანიძეც დამაზუსტებელი კითხვების პასუხად ამბობს, რომ ამ ამბებით არაფერს არ ამტკიცებს. ასე მაგალითად, ის ამბობს, რომ სასწავლებლები საფრანგეთში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი თსუ-ს გაცვლითი პროექტით იყო რამდენიმე თვის განმავლობაში სასწავლებლად, თანამშრომლობენ სპეცსამსახურებთან და ასრულებენ მათ დავალებებს, კერძოდ, ამუშავებენ მათთვის საინტერესო დიდ მონაცემებს კვლევების ფარგლებში.

ფურცხვანიძე ამბობს იმასაც, რომ ბაჩალიაშვილი არა იმდენად ძლიერი პროგრამისტი, არამედ ძლიერი მონაცემების ანალიტიკოსი იყო, ფლობდა ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას და კომპანია „ზეგ“-შიც მონაცემების ანალიზით იყო დაკავებული, რაც შესაძლოა კავშირში ყოფილიყო იმ ფულის გათეთრების დანაშაულებრივ სქემასთან, რომელსაც თვითონ იძიებს, თუმცა რა ტიპის მონაცემთა ბაზებთან ჰქონდა გარდაცვლილ პროგრამისტს შეხება, ვერ აკონკრეტებს.

“ნებისმიერ მსგავსი ტიპის განცხადებას, რომელიც შესაძლოა აღვივებდეს ანტიდასავლურ განწყობას, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და მათ მიმართ ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ. დადანაშაულება დასავლური საგანმანათლებლო დაწესებულებების, რომ ისინი არიან სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში, ასევე დასავლური ინვესტიციების დისკრედიტაცია, რომ ის უკავშირდება არალეგალურ ბიზნესს, რა თქმა უნდა, არ არის იმ კურსის ამსახველი, რომელიც ქართულ საზოგადოებას სჭირდება.

ამ ფონზე, როდესაც ამ ადამიანის მეშვეობით ხდება ადვოკატზე შემდგომ ამ ტიპის პრობლემების შექმნა, ახლა რასაც ვუყურებთ, შესაძლოა კითხვებს ბადებდეს, მათ შორის იმაზეც, ხომ არ არის პირდაპირ პროკურატურის დაინტერესება. ვიცით, პროკურატურა და სამართალდამცველი სტრუქტურები როგორ აქტიურად თანამშრომლობენ იმ ქვეყანასთან, რომლისთვისაც საქართველოს დასავლური კურსი მიუღებელია. თან, პროკურატურა ამ გარემოებებს იყენებს მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, დაანონსებული აქვს მისთვის ბრალის წაყენება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას იურისტმა ბექა ბასილაიამ. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც დღეს მიხეილ რამიშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად სასამართლოს ეზოში იდგა.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: ექსპერტიზის პასუხები ცნობილია - რა გავიგეთ ახალი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები: სწორ გზას ვადგავართ და ამ სწორ გზას ბოლომდე გავიყვანთ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG