Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინმა სეულს ბოდიში მოუხადა სამხრეთკორეელი მოხელის მკვლელობისთვის


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სეულს პირადად მოუხადა ბოდიში სამხრეთკორეელი მოხელის მკვლელობისთვის. ამის შესახებ ფხენიანის ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით იუწყება სამხრეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი.

როგორც იტყობინებიან, წერილში კიმ ჩენ ინი წერს, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო. ამასთან, ფხენიანმა სინანული გამოხატა, რომ სეულმა თავისი მოქალაქის მკვლელობას ცალმხრივი კომენტარი გაუკეთა და არ დაელოდა ჩრდილოეთ კორეის ახსნა-განმარტებას.

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში სამხრეთკორეელი ჩინოვნიკის მკვლელობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. სამხრეთ კორეის სამხედროთა თქმით, დაკავებული დაკითხეს და შემდეგ მოკლეს. მოკლულის ცხედარი კრემირებულია. Yonhap-ის წყაროების თანახმად, სავარაუდოდ სამხრეთ კორეის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეაში გაქცევას ცდილობდა.

ფხენიანი ამტკიცებს, რომ საზღვრის დამრღვევი ნავში იმყოფებოდა და არანაირად არ რეაგირებდა ჩრდილოკორეელი მესაზღვრეების ბრძანებებზე. როცა მან გაქცევა სცადა, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში 10 გასროლა განხორციელდა. ამის შემდეგ პატრულმა შეამოწმა ნავი. მასში იპოვეს სისხლის კვალი, მაგრამ გვამი ვერ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ნავი დაწვეს კორონავირუსთან ბრძოლის ინსტრუქციების მიხედვით, აცხადებს ჩრდილოეთი კორეა.

XS
SM
MD
LG