Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ გაერო-ს გენ. ასამბლეის სესიაზე ილაპარაკა პროპორციულ არჩევნებზე


ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე დისტანციურად სიტყვით გამოსვლისაც საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მიღებულ ცვლილებებს. „შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა", - თქვა გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ შარშან, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის წინაშე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020-ის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ ილაპარაკა. „უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით. სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ", - ამბობდა 2019 წელს პრეზიდენტი.

2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის 24 ივნისს დადო - რამდენიმე დღეში ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ფონზე ეს დაპირება საზოგადოებას თავად პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოუცხადა.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრებმა ჩააგდეს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ არ შეასრულა მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

მოგვიანებით საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ. 2020-ის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატს საპარლამენტო, ხოლო, 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG