Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან


1993 წლის 28 სექტემბერი, აფხაზეთის ომი, სამხედრო ცდილობს ბიჭის ევაკუაციას
1993 წლის 28 სექტემბერი, აფხაზეთის ომი, სამხედრო ცდილობს ბიჭის ევაკუაციას

საქართველოში პატივს მიაგებენ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მინისტრები გვირგვინებით ამკობენ დაღუპულ გმირთა მემორიალს.

"პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სწორედ ეს ხსოვნაა, რაც დღევანდელ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების უპირობო მნიშვნელობის ძალიან ძლიერ სიმბოლოდ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, დარწმუნებუული ვარ, რომ გამოიღებს შედეგს”- თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გმირთა მემორიალთან.

აფხაზეთში 13 თვიან სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები. თუმცა, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის არმია.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ყველა მათგანი დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან თითქმის 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG