Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში განახლებული ბრძოლის ფონზე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ "გაიმარჯვებს"


სომხეთში საგანგებო მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტურ რეგიონში, მთიან ყარაბაღში, ინტენსიური შეტაკებები მოხდა აზერბაიჯანის ძალებთან.

ერევნის გადაწყვეტილების ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ "გაიმარჯვებს" სომხეთის ძალებზე მთიან ყარაბაღში - აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

სომხეთი აზერბაიჯანის ძალებს სდებს ბრალს ცეცხლის გახსნაში მთიანი ყარაბაღის დასახლებებისთვის, ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის ძალებმა მიიტანეს იერიში აზერბაიჯანის სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე.

მსხვერპლის შესახებ ორივე მხარე იუწყება.

"მთავრობამ გადაწყვიტა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და სრული მობილიზაცია" - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკზე.

მანამდე ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო საჰაერო და საარტილერიო შეტევა სამოქალაქო დასახლებებზე მთიან ყარაბაღში, რეგიონული დედაქალაქის, სტეპანაკერტის ჩათვლით.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო სროლის პასუხად ე.წ. "კონტაქტის ხაზზე", რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს სომხეთის და აზერბაიჯანის ძალებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ჩამოაგდეს აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი საფრენი აპარატი - რასაც ბაქო უარყოფს.

"ჩვენი პასუხი იქნება პროპორციული და ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერებს" წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისი ძალები "საპასუხო ზომებს ახორციელებენ და ჩვენი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ოპერაციულ ვითარებას". სამინისტროს თქმით, "ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს მთლიან ფრონტის ხაზზე".

შეტაკებების განახლებას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა.

თურქეთი, რომელიც ბაქოს ახლო მოკავშირეა, ამბობს, რომ სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მტრული ნაბიჯების გადადგმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, და რომ ეს ნაბიჯები "რეგიონში ცეცხლს დაანთებს".

რუსეთი ორივე მხარეს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკება დაიწყონ".

საფრანგეთი აცხადებს, რომ "ძალიან შეშფოთებულია კონფრონტაციის გამო".

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები ბოლო თვეებში ინტენსიური გახდა.

ალიევი მოსკოვს ადანაშაულებს ივლისში მომხდარი შეტაკებების შემდეგ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გახშირებაში.

რუსეთი, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, ერევანს რეგიონში სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს.

მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.

მას შემდეგ რეგიონში პერიოდული შეტაკებები ხდება.

კონფლიქტის გადაჭრას პროგრესი ვერ მოუტანა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რომელსაც ხელმძღვანელობენ აშშ, საფრანგეთი და რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG