Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე: ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე ტურბულენტობას რეგიონში


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება მძიმე გამოწვევაა არა მარტო სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, არამედ რეგიონისათვის მთლიანად. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეფასებით, საომარი კონფლიქტი მძიმე ტურბულენტობას გამოიწვევს მთელს რეგიონში და მძიმე იქნება კონკრეტულად საქართველოსთვისაც არა მარტო უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკის, კერძოდ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც:

„რა თქმა უნდა, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა და რეგიონში სიმშვიდე არ იქნა, ინვესტიციებზე რეგიონის მასშტაბით ლაპარაკი, ყოველ შემთხვევაში სერიოზულ ინვესტიციებზე ლაპარაკი ზედმეტია. როდესაც ყურის ძირში ორი სახელმწიფო ერთმანეთს ეომება და შენ პრაქტიკულად შუაში ხარ, აქ რა თქმა უნდა, სერიოზული ინვესტორი 10-ჯერ იფიქრებს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს და საბოლოო ჯამში ალბათ მიიღებს ნეგატიურ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ „დილის საუბრებში“.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, მან განაცხადა, რომ მაშინ, როცა ქვეყანა საკუთარი კონფლიქტების მოგვარებას ვერ ახერხებს, თავს სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდგბს აზერბაიჯანსა და სომხეთს დახმარება რომ შესთავაზოს:

„ვინ უნდა შეთავაზოს? საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც სავარძელი უყიდეს, პრემიერმა, რომელიც ანგარიშვალდებულია ჩრდილოვანი მმართველის წინაშე თუ ბიძინა ივანიშვილმა. ვინ უნდა შესთავაზოს პოზიტიური როლი?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG