Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა აქუბარდია ყარაბაღზე: მთავრობამ უნდა შეაფასოს საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება


"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია მთავრობას მოუწოდებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. მას მიაჩნია, რომ უნდა შეფასდეს ყარაბაღში განვითარებული მოვლენები რა საფრთხეების მატარებელი შეიძლება იყოს საქართველოსთვის.

"აუცილებელია, რომ რეგიონული მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და აუცილებელია ჩვენ ორივე ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობები ისე შევასრულოთ როგორც ჩვენ ამას გვთხოვს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, ასევე კანონმდებლობა", - განუცხადა აქუბარდიამ.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა, სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა, სულ მცირე, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად, სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG