Accessibility links

სერგი კაპანაძე ყარაბაღზე: მნიშვნელოვანია, მშვიდობის მხარდასაჭერი პოზიცია გვქონდეს


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ ყარაბაღის საკითხზე ისეთი პოზიცია დააფიქსირებს, რომელიც მშვიდობას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, ომის შემთხვევაში შესაძლოა საქართველოსთვის არასასურველი სცენარი განვითარდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს პოზიცია მშვიდობის მხარდასაჭერი, მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომში მე არ ვიცი გამარჯვებული ვინ იქნება, თუმცა დამარცხებული შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს საქართველო", - აცხადებს კაპანაძე.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა, სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა, სულ მცირე, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად, სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG