Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძე ბოლნისში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა. მაგალითისთვის, გუშინ, ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, „ქართული ოცნების“ და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული. ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები", - ნათქვამია მდინარაძის განცხადებაში.

მდინარაძე ოპოზიციურ პარტიას ასე აფასებს: „ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პანდემია და ეპიდემიოლოგიური ვითარება აინტერესებს ქვეყანაში და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ აქვს ფასი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საარჩევნო პროცესის და ჩვენი ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ".

ინციდენტის შესახებ განსხვავებული პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს დიმიტრი შაშკინს.

„ორი ვერსია არსებობს, ერთი ნამდვილი და მეორე -„ქოცების“. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არწმუნებს, რომ „ჩაიხანაში“, 17:00 საათზე, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი 50 აქტივისტი შიგნით პლაკატს აკრავდა, რა დროსაც 50 ადამიანს შეუვარდა ერთი ადამიანი, ამ სოფლის მკვიდრი და დაუწყო ცემა. ეს არის „ქართული ოცნების“ ზღაპარი. ახლა რა მოხდა რეალურად - ეს ადამიანი აქ ჩაის სვამდა, 50 ადამიანი შეუვარდა, ჩაკეტეს კარები და დაუწყეს ცემა. ნაცემია თვითონ, მეპატრონე და რამდენიმე ადამიანი, ვინც იქ ჩაის სვამდა, მშვიდობიანი მოსახლეობა. როდესაც ჩვენ მოვედით, ეს ადგილი პოლიციის მიერ იყო შემოღობილი და სასწრაფო დახმარებამ ნაცემ ხალხს დახმარება აღმოუჩინა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ზღაპრის მეორე ნაწილია, რომ ამის შემდეგ, რაც ეს გაშუქდა, მიიყვანა საავადმყოფოში ხალხი, რომლებიც თურმე ნაცემი იყვნენ“, - თქვა შაშკინმა „პალიტრანიუსის ეთერში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, არც სასწრაფო დახმარებას და არც პოლიციას „ქართული ოცნების“ არცერთი ნაცემი აქტივისტი არ დაუნახავს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG