Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზ. მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს თვალი ადევნოს მასზე პარტიების განცხადებებს


საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების შესახებ ოპოზიციური პარტიების განცხადებებს ეხმაურება თავად მაუწყებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები ევროპული საზოგადოებრივი მედიის თითქმის საუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების ჯგუფების ლობირებას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია ქვეყნის ევროპულ კურსთან, სწორედ ამიტომ ეჭვს ბადებს რიგი საარჩევნო სუბიექტების განცხადებები, რომელიც აღიქმება როგორც მედიაზე თავდასხმისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

მაუწყებლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას და აუცილებლობად მიიჩნევს, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებს მათ, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკური სუბიექტების შეფასებებს, მათ განცხადებებს და დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუციები და სიტყვის თავისუფლება.

მოცემული ღია წერილი ეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, საელჩოებს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს და სახალხო დამცველს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლების დამარცხების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG