Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის გამო მოსკოვის სკოლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა


მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, კორონავირუსით დაავადების შემთხვევათა ზრდის გამო, რუსეთის დედაქალაქის სკოლებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა 5-18 ოქტომბერს. ამის შესახებ ნათქვამია მერის ვებსაიტზე. ჩვეულებრივ, რუსეთში საშემოდგომო არდადეგები ერთ კვირას გრძელდება.

ორკვირიანი არდადეგების პერიოდში დისტანციური სწავლება არ გაიმართება.

ასევე ორი კვირით შეწყდება დამატებითი განათლების ორგანიზაციების მუშაობა. საბავშვო ბაღები ჩვეულებრივი გრაფიკით იმუშავებს.

სობიანინმა მშობლებს მოუწოდა, აუხსნან ბავშვებს, რომ არდადეგების დროს ჯობია შინ ან აგარაკზე ყოფნა, სეირნობა სასურველია ახლომდებარე პარკში ან ეზოში.

„დღეისთვის დაავადებულთა მნიშვნელოვან ნაწილს, ხშირად უსიმპტომოდ, წარმოადგენენ ბავშვები. შინ დაბრუნებულები ძალზე იოლად გადასცემენ ვირუსს ოჯახის უფროს და ხანდაზმულ წევრებს, რომლებსაც დაავადება ბევრად უფრო მძიმე ფორმით აქვთ,“ განაცხადა მოსკოვის მერმა.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, მოსკოვში გამოვლენილია 2300 ახალი შემთხვევა.

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა 33,4 მილიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG