Accessibility links

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლების მესამე დღეს ათეულობით ადამიანი დაიღუპა


აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ მძიმე არტილერიის გამოყენებაში სამხედრო დაპირისპირებისას, რომელიც მესამე დღეა გრძელდება ორ ქვეყანას შორის სადავო, აზერბაიჯანის კუთვნილი, რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის. საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა 29 სექტემბერს მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, შეწყდეს საბრძოლო მოქმედება.

29 სექტემბერს ათეულობით ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სომხეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა დაშქესანის რეგიონს აზერბაიჯანში. ამ ინფორმაციას სრულიად „ყალბი“ უწოდა ერევანმა.

ამჟამინდელი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის გარშემო და რეგიონში ყველაზე უფრო მძაფრია 2016 წლის შემდეგ. კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია საფრთხეს შეიცავს იქ გამავალი საერთაშორისო მილსადენების გამოც.

აზერბაიჯანის და სომხურ ძალების გამყოფი, ე.წ. საკონტაქტო ზოლის, მთელი ფრონტის ხაზის, გასწვრივ გრძელდება დაპირისპირება, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, „განსხვავებული ინტენსიურობით“.

გაეროს უშიშროების საბჭო 29 სექტემბერს საგანგებო შეხვედრას მართავს, რათა იმსჯელოს კონფლიქტის გარშემო, რომელმაც შეიძლება ჩაითრიოს რეგიონული ძალები, რუსეთი და თურქეთი.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთი „მთლიანად იქნება მზად იმისთვის, რომ დაეხმაროს აზერბაიჯანს მისი ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაში და დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები საერთაშორისო სამართლის თანახმად“.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მხარეებს „მოუწოდა სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ“, როცა ის ტელეფონით ესაუბრა ორივე ქვეყნის ლიდერებს, განაცხადა მერკელის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე თავის კოლეგას, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაუს-გეორგიოს დენდიას შეხვდა, განაცხადა, რომ მან და მასპინძელმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილეებს მიმართეს, შეწყვიტონ ბრძოლა და ითანამშრომლონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG