Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ პასუხიმგებლობას ენმ-ს აკისრებს მარნეულში მომხდარი ძალადობის გამო


პასუხიმგებლობას ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს „ქართული ოცნება“ მარნეულში 29 სექტემბერს, მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი აქტივისტები „ქართული ოცნების “ ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე, როგორც „სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა“.

მმართველი პარტია აქვე აცხადებს, რომ „სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება.“

„ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

29 სექტემბერს მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს დაშავდნენ „მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი, მათ დაუზიანეს კამერა და მიკროფონი. ასევე, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფის ოპერატორს, დაუმტვრიეს კამერა. თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენელს

მომხდარი ჩხუბის შემდეგ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, თავს დაესხნენ მათ აქტივისტებს.

საღამოს მომხდარ დაპირისპირებას წინ უსწრებდა დღესვე დღის პირველ ნახევარში მარნეულის 22-ე საარჩევნო კომისიიის წინ მომხდარი შეხლა-შემოხლა, როცა არჩევნებში მონაწილე ამ ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ.
ორივე ინციდენტის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო: ძალადობის (126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით. ამჟამად „პირველი არხის" ჟურნალისტი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.



დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG