Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველი დებატები ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე წარიმართა


აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი ტელედებატები ქაოსური და ერთმანეთის შეურაცხყმყოფელი აღმოჩნდა.

ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში გამართულ დებატებს, რომელიც თითქმის ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალების პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სულ მცირე ასი მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

"ფოქს ნიუსის" ჟურნალისტმა და დებატების წამყვანმა, კრის უოლესმა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის 6 მთავარი თემა დაასახელა - მათი მთავარი მიღწევები უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას, ვაკანსია უზენაეს სასამართლოში, კორონავირუსის პანდემია და მისი მართვა, ეკონომიკა, რასობრივი პრობლემები და ძალადობა და არჩევნების უსაფრთხოება.

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს სიტყვას ხშირად აწყვეტინებდა. ამით გაღიზიანებულმა ბაიდენმა ტრამპს მიმართა: „ხმა ჩაიგდე“.

დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს უწოდა „კლოუნი“, „რასისტი“ და „პუტინის ლეკვი“. პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია.

თავის მხრივ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მან 47 თვეში გაცილები მეტი გააკეთა, ვიდრე ბაიდენმა 47 წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.

კორონავირუსის პანდემიაზე კამათისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი არ დაჭკვიანდება და უფრო სწრაფად არ იმოქმედებს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოკვდება. აშშ-ში კორონავირუსით 205 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ბაიდენის შეფასებით, ტრამპს ეკონომიკა უფრო ადარდებდა, პანიკაში აღმოჩნდა და ამერიკელების დაცვა ვერ შეძლო.

საპასუხოდ, ტრამპმა მეტოქეს ურჩია არასდროს გამოიყენოს სიტყვა ჭკვიანი. „შენში ჭკვიანური არაფერია“, - მიმართა ტრამპმა ბაიდენს. მისივე განცხადებით, პანდემიის დროს პასუხისმგებელი ბაიდენი რომ ყოფილიყო, მილიონობით ადამიანი მოკვდებოდა. დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენამდე რამდენიმე კვირა დარჩა, რასაც ჯო ბაიდენმა ღიმილით უპასუხა.

დებატების დროს, დონალდ ტრამპმა, რომელსაც ფოსტით ხმის მიცემაში ეჭვი შეაქვს და ამას უკავშირებს არჩევნების შედეგების აღიარებას, ისევ გაიმეორა, რომ ხმის ფოსტით მიცემა გაყალბებას გამოიწვევს. ტამპის განცხადებით, თუ ხედავს როგორ მანიპულირებენ ათეულობით ათასი ბიულეტენით, ამას ვერ დათანხმდება. თავის მხრივ, ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი აუცილებლად წავა. ჯო ბაიდენის თქმით, საკუთარ გამარჯვებას შედეგების დადასტურებამდე არ გამოაცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG