Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლომ მელიას პარლამენტიდან იმპიჩმენტი კონსტიტუციურად მიიჩნია


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მე-9 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა მელიას საკონსტიტუციო სარჩელი. სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია მისი იმპიჩმენტის საკითხი. გადაწყვეტილება სასამართლომ 25 სექტემბერს მიიღო და გუშინ, 29 სექტემბერს გამოქვეყნდა.

სასამართლო განმარტავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები კონსტიტუციითაა რეგულირებული და შესაბამისად მათ იმსჯელეს მხოლოდ იმ საკითხზე რას ნიშნავს "კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი" და "დანაშაული". საკონსტიტუციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნა, რომ მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ აღუდგება მას უფლებამოსილება, რადგან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონმდებლობაში მისი გასაჩივრების მექანიზმი არ დევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა:

  • ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები არამხოლოდ საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებენ, არამედ ხალხის სახელითაც მოქმედებენ. დემოკრატის მოთხოვნა კი ისაა, რომ არ დაიგნორდეს ხალხის ნება;
  • პარლამენტარის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა დემოკრატიული პროცესი და ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია;
  • პარლამენტის მიმართ ხალხის ნდობა მისი ეფექტური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. სასმართლო მიიჩნევს, რომ გამამტყუვნებელი განაჩენის შემთხვევაში პარლამენტის წევრი აღარ უნდა აგრძელებდეს მუშაობას, ვეღარ გაამართლებს ამომრჩევლის მოლოდინს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხალხის მიერ პირის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგაც სარგებლობს პირი ამომრჩევლის თავდაპირველი ნდობითა და დამოკიდებულებით. "შეიძლება ითქვას, რომ ხალხის, მათ შორის, მისი ამომრჩევლების არსებით ინტერესებში უფრო ხელისუფლებისაგან მისი ჩამოცილება უნდა იყოს, რათა დაცული იქნეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მაღალი ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა".

პარლამენტმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს, 88 დეპუტატის მხარდაჭერით შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო ბანკ "ქართუს" გაკოტრების მცდელობის საქმეზე. 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG