Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ბჟანიას მიულოცა "აფხაზეთის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე"


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კრემლში. 2020 წლის ივნისი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კრემლში. 2020 წლის ივნისი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მიულოცა „აფხაზეთის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“, რომელსაც 30 სექტემბერს აღნიშნავენ.

პუტინის დეპეშის თანახმად, რომელიც კრემლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, ეს დღესასწაული იმის განსახიერებაა, თუ როგორ მოიპოვა ვაჟკაცმა და მედგარმა აფხაზმა ხალხმა რთულ ბრძოლაში თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლება. პუტინი წერს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე ვითარდება. პუტინი ბჟანიას უდასტურებს, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღედ“ ითვლება 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების დღე. საქართველოს სამთავრობო ძალებმა აფხაზეთის რეგიონი 1993 წლის 30 სექტემბერს დატოვეს. სამხედრო კონფლიქტისას, რომლის დროსაც რუსეთი სეპარატისტების მხარდამჭერი იყო, აფხაზეთში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ აღიარა.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ასლან ბჟანიას „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცეს ნიკარაგუის პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ და „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა“ ვადიმ კრასნოსელსკიმ.

XS
SM
MD
LG