Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯილიენ სტირკს ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შორის შეხვედრაზე ითქვა, რომ

- განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულოა შესასრულებლად;
- არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის შემუშავდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
- შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები და სხვა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR), საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2020 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა თბილისში და მისი მიზანი 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაა.

ელჩ ჯილიენ სტირკის ხელმძღვანელობით მისია შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისაგან. დამკვირვებლები 1 ოქტომბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ODIHR აგრეთვე გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას, როგორც ეუთო-ს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG