Accessibility links

site logo site logo

საქართველო მზად არის სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს დიალოგისთვის თბილისში უმასპინძლოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღბულ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის, აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი, მთიანი ყარაბაღის გარშემო მესამე დღეს მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება, რასაც 29 სექტემბერს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამინდელი კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო ყველაზე მძაფრია 2016 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG