Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს მიუსაჯეს 10 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რასაც მურად წურწუმიას სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდებულები ზურაბ ფოფხაძე და ვახტანგ ბურძენიძე დამნაშავედ ცნო.

თბილისის პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, ვახტანგ ბურძენიძეს და ზურაბ ფოფხაძეს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, შელაპარაკება მოუხდათ მუხრან ჩხვირკიასთან და მურად წურწუმიასთან. მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ფოფხაძემ და ბურძენიძემ, ჯგუფურად, მურად წურწუმიას და მუხრან ჩხვირკიას დაზიანებები, მათ შორის მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ჩხვირკიამ ჯგუფური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მურად წურწუმია ზურაბ ფოფხაძის კუთვნილი ავტომანქანით ვახტანგ ბურძენიძის საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მურად წურწუმია მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზურაბ ფოფხაძე 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვახტანგ ბურძენიძე 8 იანვარს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზურაბ ფოფხაძეს 10 წლით, ხოლო ვახტანგ ბურძენიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG