Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-40 პაციენტი.

81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 28 სექტემბერს გადაიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დიაგნოზით: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება: „კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 299 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3419-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან. საგრძნობლად იმატა გარდაცვალებამაც. სექტემბერში აღირიცხა ინფიცირების 4705 შემთხვევა, უმეტესობა აჭარის რეგიონში. სექტემბერში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.

XS
SM
MD
LG