Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნა სამშვიდობო მანიფესტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე 


მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებასა და კონფლიქტის ზონაში სამხედრო ვითარების უკიდურეს ესკალაციას საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამშვიდობო მანიფესტით ეხმაურებიან. მანიფესტში, რომელსაც ხელს 17 ორგანიზაცია აწერს, აღნიშნულია, რომ ჩვენს რეგიონში არც ერთ ერსა და ეთნოსს ომის შედეგად გამარჯვება და განვითარება არ მოუპოვებია და სწორედ ამიტომ რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას.

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები, ერთად ვდგებით მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობის მხარეს და ჩვენი რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია მანიფესტში, რომლის ადრესატები არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის მთავრობები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ეუთო, ნატო ევროპის საბჭო და ევროკავშირი და საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებები.

„ჩვენ მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას

ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში;

უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის;

გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით.

აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს

დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად;

რუსეთისა და თურქეთის მთავრობებს

არ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა;

საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს

მიიღონ უფრო ეფექტიანი და პირდაპირი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგიები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.

საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს

შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში“,-აღნიშნულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამშვიდობო მანიფესტში. პეტიცია ღიაა ხელმომწერებისთვისაც.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად ეუთოს ეგიდით არსებობს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG