Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ნათესავები შიშობენ საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო, გალის რაიონში დააკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ნათესავები სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდნენ.

ოჯახის წვერები აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია, ვინაიდან დე ფაქტო აფხაზეთის დროშის დაწვა შესაძლოა აღქმული იყოს პოლიტიკურ აქტად.

„ამ წუთას ოჯახისთვის ძალიან მნიშვნლოვანია ირაკლის ჯანმრთელობის მდგომაროება და ვიმედოვნებთ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება და სასწრაფოდ იქნება გათავისუფლებული“, - განაცხადა სახალხო დამცველის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბებუას ბიძაშვილმა თამარ ბებუამ.

მისი სიტყვებით, სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან ოჯახს, სახალხო დამცველს ამ მოტივით შეხვდნენ, რომ ოჯახსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მუდუმვი კომუნიკაცია უზრუნველყოს, ასევე მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.

კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი მერი კოჭლამაზაშვილის განცხადებით მნიშნევლოვანია, არ მოხდეს ირაკლი ბებუას საქციელის პოლიტიზირება, რათა ამან არ დაამძიმოს მისი მდგომარეობა.

„სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია და ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო გზას გამოვიყენებთ, რომ ოჯახის წევრებს მივაწოდოთ ინფორმაცია. ასევე ოჯახის წევრები შეშფოთებული არიან ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს დროულად ჩააყენოს ირაკლი ბებუას ოჯახი საქმის კურსში და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს რომ არ მოხდეს დროშის დაწვის გამო საკითხის პოლიტიზირება და არ დამძიმდეს მის მიმართ მოპყრობა“,- ამბობს მერი კოჭლამაზაშვილი.

ირაკლი ბებუას ბიძაშვილის თამარ ბებუას განცხადებით, ირაკლი გალში 2016 წელს დაბრუნდა, ხანდაზმული ბებიის მოსავლელად. უკან დაბრუნება კი, ამ წლების განმავლობაში ვეღარ მოახერხა, ვინაიდან ე.წ. საზღვრის გადმოსაკვეთად საჭირო საბუთები არ ჰქონდა. ირაკლის ოჯახი, აფხაზეთდან დევნილია და 1993 წლიდან თბილისში ცხოვრობს.
თამარ ბებუას თქმით, ირაკლი გალში არაფრით არ იყო დაკავებული, მხოლოდ ბებიას უვლიდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში(სუს) აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო, გალის რაიონში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG