Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიასახლისობიდან პრეზიდენტობამდე


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, როგორც მას სამართლიანობისთვის მებრძოლი ბელორუსი ხალხი და სვეტლანა ტიხანოვსკაია უწოდებს, ყოველთვის პატრიარქალურ, ტრადიციულ ღირებულებებს უწევდა პოპულარიზაციას, სადაც ქალისადმი აგდებული დამოკიდებულება მთელი სიცხადით ჩანდა.

როცა ბელორუსიის ხელისუფლებამ სერგეი ტიხანოვსკის და სხვა ოპოზიციონერებს შეუტია და დააპატიმრა, ჰორიზონტზე ტრიადა გამოჩნდა, ოპოზიციონერების მეუღლეები - სვეტლანა ტიხანოვსკაია და ვერონიკა ცეპკალო, და მარია კოლესნიკოვა, ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა - საერთოდ როგორ მოხდა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს. დიდ პოლიტიკას ხალხისთვის უკვე ცნობილი სახე - ბიზნესმენი და ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი უმიზნებდა, არა სვეტლანა, რომელიც შრომობდა სახლში და უვლიდა შვილებს. ის პოლიტიკურ კარიერაზე არ ოცნებობდა. ყველაფერი დაიწყო სურვილით, მხარდაჭერა დევნილი და დაპატიმრებული მეუღლისთვის გამოეცხადებინა. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა მან პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება.

კითხვას რომ დავუბრუნდეთ, გაგიკვირდებათ და ბედის ირონიით სექსისტურმა დამოკიდებულებამ ითამაშა სვეტლანა ტიხანოვსკაიას სასარგებლოდ, რომ ის კანდიდატთა სიაში მოხვდა. არადა, სერიოზულად ოპოზიციონერის დიასახლისს ცოლს არც კი განიხილავდნენ. მიზეზად შეიძლება დასახელდეს ლიდერისთვის აუცილებელი ცოდნის, შესაბამისი განათლების და გამოცდილების არქონა, რასაც არც თავად სვეტლანა ტიხანოვსკაია უარყოფს. თუმცა, მხოლოდ შესაბამისი ბექგარუდნის არქონა არ იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზი. ალექსანდრე ლუკაშენკოს ქალებისადმი სექსისტური დამოკიდებულება არავისთვის საიდუმლო არც მანამდე ყოფილა, მითუმეტეს, როცა “სუსტი სქესისადმი” დამაკნინებელი დამოკიდებულება საჯაროდ არაერთხელ გამოამჟღავნა. როგორც მან განაცხადა, ქალის მოწოდებაა გაალამაზოს სამყარო, კონსტიტუცია კი ნამეტანი მძიმე ტვირთია იმისათვის, რომ მისი ზიდვა ქალმა შესძლოს. ეს ტვირთი საწყალს ხომ დაანგრევს. ასევე, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით კაბიანი ადამიანი თავს ვერ გაართმევდა პრეზიდენტობას.

ამ ლოგიკის თანახმად, პრეზიდენტად ქალი ვერ მოევლინებოდა ბელორუსს. ქალის შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისი პრეზიდენტობა უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.

ცხადია, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციაში და მითუმეტეს არჩევნებში გამარჯვებული, მის მიმართ ალექსანდრე ლუკაშენკო ემპათიით ვერ განეწყობოდა. კაცთმოყვარეობა და საკუთარი მოქალაქეების პატივისცემა როგორი იცის ერის მამის ხელისუფლებამ, ყველამ კარგად გაიგო. დემონსტრანტების დაკავების და დაუნდობელი მოპყრობის - დასჯის კადრებმა ინტერნეტ სივრცე მოიარა.

თუმცაღა ის, რომ ბელორუსმა ხალხმა პრეზიდენტად სვეტლანა ტიხანოვსკაია აირჩია - ქალი, ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ორმაგი დარტყმა აღმოჩნდა. ამდაგვარად მისი ცნებები „სუსტ სქესთან“ მიმართებაში დაიმსხვრა.

ქალს, რომელსაც თავისი შესაძლებლობების ნაკლებად ეჯერა და ეგონა, რომ სუსტი იყო (როგორც თავად სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობს), აღმოაჩნდა ძალა და ნებისყოფა შეეღო კარი დიდ პოლიტიკაში და მეტოქეობა გაეწია მათთვის, ვინც ქალებს წარბაწევით ზევიდან დაჰყურებს. ქალი, რომელსაც კაცებმა დასცინეს და პრეზიდენტობის კანდიდატად სეირის საყურებლად დაარეგისტრირეს (არ დაბლოკეს), დღეს ევროპის ქვეყნების ლიდერები თავის პატივისცემას მსოფლიოს წინაშე აჩვენებენ. დიახ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ეს შესძლო. მან არა მარტო ხალხის ხმა მოიპოვა, ბელორუსმა ხალხმა მას ნდობა და სიმპათია გამოუცხადა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო გახდნენ სიმბოლო თავისუფლების, დემოკრატიისადმი სწრაფვის, სამართლიანობის და სიმტკიცის. ისინი თავისი ქვეყნის სხვა ქალებისთვის გამბედავი ადამიანების და მოქალაქების მაგალითები არიან, იმ ქალების, რომლებიც სამართლიანობისათვის, თავისუფლებისათვის და ერის კეთილდღეობისათვის იბრძვიან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG