Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საელჩო: არ ვსაჭიროებთ საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების მოხალისეობრივ მხარდაჭერას


საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო აცხადებს, რომ არ საჭიროებს საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების მოხალისეობრივ მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღისთვის შეიარაღებულ კონფლიქტში. „საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულების შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე. აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.“, წერია აზერბაიჯანის საელჩოს მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში.

ამავე დროს, საელჩო ფინანსური დახმარების მსურველ პირებს თანხის ჩარიცხვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდში სთავაზობს.

„არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა“.

მთიანი ყარაბაღისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლები 27 სექტემბერს განახლდა. დაღუპულები არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამხედრო პირები. კონფლიქტის გამწვავებას აზერბაიჯანი სომხეთსა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აბრალებს, ეს უკანასკნელნი კი - აზერბაიჯანს. აზერბაიჯანის საელჩოს მიმართვაში წერია:

„ჩვენი ქვეყნის ახლო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

საელჩო მიმართავს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემს „გაგებით“ მოეკიდონ შექმნილ ვითარებას, გამოიჩინონ სიფხიზლე, არ წამოეგონ „შესაძლო პროვოკაციებს“ და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG