Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი: მთიანი ყარაბაღის რეგიონში დანგრეულია ასობით სახლი


წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია იტყობინება, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რომლის გამო სამხედრო დაპირისპირება განახლდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს, კონფლიქტის მთავარი სიმძიმე სამოქალაქო მოსახლეობას აწევს.

წითელი ჯვარი ეყრდნობა ცნობებს ასეულობით სახლის შესახებ, რომლებიც დაინგრა. მძიმე არტილერიის მიერ დანგრეულია ასევე სკოლები და საავადმყოფოები, გამოაცხადა წითელმა ჯვარმა ჟენევაში.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ ასახელებს მსხვერპლის რაოდენობას, მაგრამ იტყობინება, რომ დაპირისპირების ორივე მხარეს არიან დახოცილები და დაჭრილები მოზრდილებსა და ბავშვებს შორის.

„გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული გვაქვს საველე პირობებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობის და ვითარების არასტაბილურობის გამო“, განაცხადა ბერტრან ლემონმა, რომელიც წითელი ჯვრის მისიას ხელმძღვანელობს მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღის რეგიონს 1990-იანი წლების ომის შემდეგ სომხურ ძალებსა და აზერბაიჯანის არმიას შორის აკონტროლებს სეპარატისტული დე ფაქტო მთავრობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ერევანი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, 1994 წელს, რეგიონში ხდებოდა ხოლმე მცირე შეტაკებები. 2016 წლის შემეგ ამჟამინდელი კონფლიქტი ყველაზე ფართოა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე.

ბაქოს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს დილით აზერბაიჯანის სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზზე დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები მთელი ღამე გრძელდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG