Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია


სომხეთმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მზადაა, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სომხეთის განცხადებას მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიქმათ ჰაჯიევის, განცხადება, რომ თუ სომხეთს სურს ვითარების განმუხტვა, "უნდა დაასრულოს ოკუპაცია“ მთიან ყარაბაღში.

არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამ კვირაში დაწყებული საომარი მოქმედებები სეპარატისტული სადავო რეგიონის გარშემო შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს მტრულ სახელმწიფოებს შორის და მასში რეგიონული ძალები, რუსეთი და ნატოს წევრი, თურქეთიც ჩაერიონ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ის, ე.წ. მინსკის ჯგუფის ერთობლივ მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი მთიანი ყარაბაღისთვის მებრძოლ ძალებს შორის. მინსკის ჯგუფი საშუამავლო მისიას ასრულებს აზერბაიჯანის რეგიონის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, სადაც მყიფე ზავი დაიდო 1990-იანი წლებში.

მთიანი ყარაბაღის საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებულ მიწის გარდა ერევანთან ახლო კავშირების მქონე სომეხი სეპარატისტები აკონტროლებენ რეგიონის გარეთ მდებარე აზერბაიჯანულ არეალებსაც.

სომხეთის და აზერბაიჯანის ძალებმა ნაკლები ნება გამოავლინეს 27 სექტემბერს დაწყებული ბრძოლების შესაწყვეტად. მხარეები იტყობინებიან 200 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის არის ბევრი სამოქალაქო პირი. ბრძოლებში ჩართული არიან დრონები, ტანკები, შვეულმფრენები და სარაკეტო დანადგარები დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამყოფი მთელი ზოლის გასწვრივ.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან 2 ოქტომბერს. კრემლის თანახმად, პუტინმა დაჟინებით მოითხოვა „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება“ მინსკის ჯგუფის მოწოდების შესაბამისად კონფლიქტის მოგვარების მიზნით. პუტინი და ფაშინიანი გააგრძელებენ კონტაქტებს სხვადასხვა ფორმატში, ნათქვამია ცნობაში.

საფრანგეთმა და რუსეთმა ადრე განაცხადეს, რომ კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს მონაწილეობენ სირიელი ჯიჰადისტები თურქეთიდან.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში თურქეთის ჩარევა ართულებს ვითარებას.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს ბრძოლები და „ეს არის ერთადერთი გზა რთული პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის“.

იმის ნიშნად, რომ არ არის დეესკალაციის მხარდამჭერი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა, განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს „ყოველგვარ მხარდაჭერას აზერბაიჯანისთვის“ და გააკრიტიკა მინსკის ჯგუფი იმისთვის, რომ ვენ მოახერხა მთიანი ყარაბაღისთვის ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ, საფრანგეთი და რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლები, თითქმის 30 წლის განმავლობაში უგულებელყოფდნენ ამ პრობლემას, მიუღებელია მათი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება დღევანდელი უარყოფითი მოვლენების ფონზე“, განაცხადა ერდოანმა პარლამენტის წინაშე. თურქეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ სომეხმა „ოკუპანტებმა“ დატოვონ სადავო ტერიტორია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს დავა აქვთ მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ორ ქვეყანას ომი ჰქონდა 1990-იან წლებში. კონფლიქტს 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიას მას შემდეგ სომხური ძალები აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG