Accessibility links

საქართველომ დროებით შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარება


საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მიიჩნევენ, რომ ვითარების ესკალაცია მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ამოცანაა შევინარჩუნოს და კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ორივე მეზობელ ქვეყანასთან:

„საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში“.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მიიჩნევენ, რომ ვითარების ესკალაცია მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG