Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის ფონზე, გერმანიაში მოკრძალებულად იმართება გაერთიანების 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები


კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გერმანია 3 ოქტომბერს გაერთიანების 30-ე წლისთავს მოკრძალებული ცერემონიებით აღნიშნავს. ბერლინიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ პოტსდამში დანიშნულ ოფიციალურ ცერემონიაზე ელიან კანცლერ ანგელა მერკელს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. ამ ცერემონიით იხურება ღონისძიებების ერთთვიანი პროგრამა.

"ამ 30 წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ" - უთხრა მიმდინარე კვირაში პარლამენტს მერკელმა, რომელიც თავად აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა და დასძინა: "შევძელით მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა განსხვავება ცხოვრების პირობებში აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის". მერკელმა სინანული გამოთქვა იმაზე, რომ ღონისძიებები უფრო მოკრძალებულად იმართება, "ვიდრე ამას ეს თარიღი იმსახურებს".

ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი და საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გაერთიანებისკენ გზა რთული იყო და დასძენს: "ნებისმიერ უყურადღებო ნაბიჯს აფეთქების გამოწვევა შეეძლო".

ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა უმეტესობა თვლის, რომ გაერთიანების პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული. ამგვარი მოსაზრება გამოთქვა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე გამოკითხულთა 83-მა პროცენტმა და ყოფილი დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე გამოკითხულთა 59-მა პროცენტმა. გამოკითხვა ჩაატარა კომპანიამ YouGov, სააგენტო dpa-ს დაკვეთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG