Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელვაჩაურში მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს


ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ მოზარდს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გუშინ, 2 ოქტომბერს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპული მოზარდის დედ-მამის ცხედრები მიწის მასის ქვეშ იპოვეს. მანამდე კი ამავე ადგილას ორი მამაკაცის ცხედარი ნახეს, მიწის ქვეშ დაფლულ მანქანაში.

ექვსი ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ აჭარაში. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა თედორაძეების სახლი ხევში ჩაიტანა, რა დროსაც ოჯახის სამივე წევრი დაიღუპა. მეწყერმა იმსხვერპლა აგრეთვე სოფლის გზაზე მიმავალი ავტომობილის ორი მგზავრიც.

ამავე ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა ავტომობილი წაიღო. მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ ავტომობილის მძღოლს.

1 ოქტომბერს, ღამით აჭარაში სტიქიური მოვლენები ძლიერი წვიმის დროს განვითარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 200-მდე მეწყრული კერა გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200 მაშველი-მეხანძრე. ისინი თითქმის 48 საათი ახორციელებდნენ სამძებრო-გაწმენდით სამუშაოებს.

XS
SM
MD
LG