Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, აშშ-ში მესამე სენატორს დაუდასტურდა კორონავირუსი


აშშ-ში კიდევ ერთ სენატორს დაუდასტურდა კორონავირუსი, როგორც ამას მისი პრესმდივანი იუწყება - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონთან ახლოს, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ.

ვირუსი დაუდასტურდა რესპუბლიკელ სენატორს, რონ ჯონსონს, მას შემდეგ, რაც 29 სექტემბერს ვაშინგტონში დაბრუნდა და შეიტყო, რომ მანამდე კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან - ამბობს მისი პრესმდივანი. ჯონსონის ინფიცირების შესახებ ცნობის გავრცელებამდე იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსზე ტესტის შედეგი დადებითი აქვთ სენატორებს ტომ ტილისს და მაიკ ლის, რომლებიც აცხადებენ, რომ 10 დღით კარანტინში გადავიდნენ. ეს სენატორები 26 სექტემბერს ესწრებოდნენ თეთრ სახლში გამართულ ცერემონიას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინეს ეიმი კონი ბარეტი. მას შემდეგ ისინი სენატის საქმეებს აკეთებდნენ, შეხვედრა გამართეს ბარეტთან მიმდინარე კვირის დასაწყისში - და არის ვარაუდი, რომ მათ, შესაძლოა, ვირუსი სხვებსაც გადადეს. ბარეტის ტესტის პასუხი 2 ოქტომბერს უარყოფითი იყო, თუმცა, როგორც იუწყებიან, მას ეს დიაგნოზი უკვე ჰქონდა ზაფხულში. თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე მყოფი კიდევ ოთხი სენატორის ტესტი უარყოფითი იყო.

ტრამპის და მისი ცოლის გარდა, ნომინაციის ცერემონიაზე დამსწრე ჯგუფიდან ვირუსი სხვებსაც აღმოაჩნდათ, მათ შორის რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელს, რონა მაკდანიელს, ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, სასულიერო პირ ჯონ ჯენკინსს და კელიენ კონვეის, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის და თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციებს ასრულებს.

ნომინაციის ცერემონიაზე მყოფი პირების ინფიცირების შემთხვევები აჩენს ვარაუდს, რომ ამ ღონისძიებამ ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. იუწყებიან, რომ ღონისძიების სტუმრებიდან ბევრს არ ეკეთა ნიღაბი, არ იცავდა სოციალურ დისტანციას და სხვებს ელაპარაკებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG