Accessibility links

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს


ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით არიფ იუსუფოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ - აცხადებს პროკურატურა. იუსუფოვს ბრალი 4 ოქტომბერს წაუყენეს, 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის გამო.

უწყების განცხადებაში ლაპარაკია 5000-ლარიან გირაოზე პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ნიშნავს, რომ გირაოს თანხის გადახდამდე ბრალდებული საპატიმროში დარჩება.

პროკურატურამ იუსუფოვს „ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა“.

​არიფ იუსუფოვისთვის წარდგენილი ბრალდება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შს სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ „2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო“ არიფ იუსუფოვმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე.

  • ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში;
  • ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში, პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, არიფ იუსუფოვი პოლიციას თავად ჩაბარდა 3 ოქტომბერს, ღამით, მას შემდეგ, რაც სოფელ ნახიდურის მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია იუსუფოვის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს.

როგორც თავად არიფ იუსუფოვმა განაცხადა, პოლიციელებს არ გაჰყვა იმიტომ, რომ მათ არ ენდობა და ავტომობილით მგზავრობისას მისთვის შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაედოთ.

არიფ იუსუფოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მომხდარ ინციდენტში თავად იყო დაზარალებული. ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სოფლის მკვიდრთა ინფორმაციით, სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში იუსუფოვს თავს დაესხნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის მხარდამჭერები.

როგორც ჩაიხანის მეპატრონემ განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“, იუსუფოვი ჩაის სვამდა თანმხლებ ერთ პირთან ერთად, რა დროსაც მას თავს დაესხა ადამიანების ჯგუფი გოგი მეშველიანის ძმის ხელმძღვანელობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG