Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ალიევი სომხეთისგან მოითხოვს ბოდიშს და აღიარებას, რომ ყარაბაღი მისი არ არის


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ სომხური მხარე აზერბაიჯანის მიწას დატოვებს. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სანამ გვიანი არ არის, სომხეთის ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო ორი წლის განმავლობაში აღდგენილი იყო. ალიევის ინფორმაციით, მან(ფაშინიანმა) უთხრა, რომ მძიმე შიდა სიტუაცია აქვს, ყველა მხრიდან ზეწოლას განიცდის და საკითხის გადასაჭრელად დრო სჭირდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ის დათანხმდა, ერთი წლის შემდეგ კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია.

ალიევის თქმით, დღეს სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს შვიდ პირობას უყენებს. „ვინ ხარ, რომ პირობებს გვიყენებდე?!“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა სატელეფონო საუბრის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში ეკითხებიან, რა პირობები აქვს.

„დატოვონ ჩვენი მიწები და დაპირისპირება გაჩერდება. ოღონდ არა სიტყვით, არამედ საქმით. თქვას, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტრიტორიულ მთლიანობას, როგორც ეს განმტკიცებულია ფუძემდებლური პრინციპებით. აზერბაიჯანელ ხალხს პატიება თხოვოს და თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთი არ არის. ბოლო პირობაა, მოგვცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკი. მაშინ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვისას ალიევმა ისიც თქვა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს(რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) და ევროკავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ უთხრა, რომ სომხეთზე ზეწოლა და სანქციები იყო აუცილებელი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტად გათავხედდებოდა. ილჰამ ალიევის მტკიცებით, მას საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურდა, მაგრამ არ დაუჯერეს და ჩათვალეს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი და პრეზიდენტი ამას შეეგუებოდნენ.

ალიევის განცხადებით, ლიბანელ სომხებს აზერბაიჯანის უძველეს ქალაქ შუშაში ასახლებენ ჟენევის კონვენციის დარღვევით და ამას ტელევიზიით აჩვენებენ, ამ უკანონობაზე კი მინსკის ჯგუფს და ევროკავშირს არაფერი უთქვამთ და თუ არ აინტერესებდათ, მაშინ დღესაც ნუ გამოხატავენ ინტერესს. ილჰამ ალიევის თქმით, სარკეში ჩაიხედოს ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც დღეს აზერბაიჯანს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს.

„მთიანი ყარაბაღი ჩვენი მიწაა. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, ვბრუნდებით და დავბრუნდებით“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG