Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის და სომხეთის ბრძოლა ქალაქებზეც გავრცელდა


4 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის ძალები ინტენსიურ შეტაკებებს აგრძელებდნენ მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო, ბრძოლის ესკალაციის შედეგად სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა აზერბაიჯანის ქალაქები. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ქალაქების სამიზნედ ამოღებაში.

მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომეხი სეპარატისტი ძალები 5 ოქტომბერს აცხადებენ ფრონტის ხაზზე მიმდინარე სროლის შესახებ და ამბობენ, რომ უკვე მეოთხე დღეა რეგიონის დედაქალაქი, სტეფანაკერტი მძიმე საარტილერიო ცეცხლის სამიზნეა.

საერთაშორისო ორგანიზაცია წითელმა ჯვარმა 4 ოქტომბერ დაგმო ცნობები "განურჩეველი სროლის და სხვა, როგორც ჩანს, უკანონო თავდასხმებზე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით დიდ და პატარა ქალაქებზე და სხვა დასახლებულ ადგილებზე".

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის მესვეურებმა 4 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ მესამე დღის განმავლობაში გრძელდებოდა სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები დედაქალაქ სტეფანაკერტზე და ახლოს მდებარე ქალაქ შუშაზე.

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ძალებმა მიზანში ამოიღეს განჯა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი და მას სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რაც მნიშვნელოვანი ესკალაციის და კონფლიქტის მთიანი ყარაბაღის მიღმა განვრცობის ნიშანია. საღამოს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სამი რაკეტა ესროლეს ქალაქ მინგეჩაურს, რომელსაც 100 კილომეტრი აშორებს ფრონტის ხაზს და სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა სომხეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის დამობმვას უწოდა ღია პროვოკაცია, რომელიც ბრძოლის არეალს ზრდის და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი "საპასუხო ზომებს" განახორციელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები, რომ მისი ტერიტორიიდან რაკეტები იქნა ნასროლი განჯის, მინგეჩაურის ან სხვა ქალაქების მიმართულებით. მაგრამ მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ლიდერმა, არაიკ ჰარუთუნიანმა თქვა, რომ მისმა ძალებმა მიზანში ამოიღეს განჯაში მდებარე სამხედრო ბაზა, თუმცა მან შემდეგ შეტევის შეჩერების ბრძანება გასცა, რათა სამოქალაქო მსხვერპლი აერიდებინა თავიდან. მისი თქმით, შეტევა "გამაფრთხილებელი" ხასიათის იყო და ის "სხვა ქალაქებზეც გაგრძელდება", როგორც პასუხი აზერბაიჯანის შეტევაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG