Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, საფრანგეთი და აშშ კიდევ ერთხელ გამოდიან ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით მთიან ყარაბაღში


რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში და მის გარშემო და განაცხადეს, რომ კონფლიქტი, რომელიც ესკალაციას განიცდის, წარმოადგენს "დაუშვებელ საფრთხეს" რეგიონის სტაბილურობისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამ ერთობლივი მოწოდებით გამოვიდნენ 5 ოქტომბერს, იმ ფონზე, როცა სომხების და აზერბაიჯანელების ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს მწვავე შეტაკებები, ორივე მხარე ცეცხლს უხსნის მნიშვნელოვან ქალაქებს, მატულობს შეშფოთება სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე.

ლავროვის, ლე დრიანის და პომპეოს ქვეყნები თანათავმჯდომარეები არიან ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფისა, რომელიც ადრეული 1990-იანი წლებიდან ხელმძღვანელობს სამშვიდობო ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის გარშემო. თავიანთ განცადებაში ისინი "ყველაზე მკაცრი ფორმით გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესლაკაციას". მინისტრები "უპირობოდ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები, რომელთა სამიზნეც, ცნობებით, სამოქალაქო ცენტრებია - კონტაქტის ხაზზეც და აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიებზეც, მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით - და ამ თავდასხმების დისპროპორციული შინაარსი წარმოადგენს დაუშვებელ საფრთხეს რეგიონის სტაბილურობისთვის".

მინისტრები მხარეებს მოუწოდებენ დათანხმდნენ "ცეცხლის დაუყოვნებელ და უპირობო შეწყვეტას" და აღადგინონ მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარე მოგვარების პროცესი.

დაპირისპირებულმა მხარეებმა უგულებელყვეს ანალოგიური მოწოდება, რომლითაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ 1 ოქტომბერს გამოვიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG