Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 21-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს


თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 2 დღეა ბავშვი სკოლაში არ ყოფილა, მისი სავარაუდო დაინფიცირება კი ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა:

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედამ შეიტყო სხვა ბავშვზე ვისთანაც ჰქონდა მის შვილს კონტაქტი, რომ ის იყო დაინფიცირებული, პრევენციის მიზნით ჩაუტარა ტესტირება და ტესტმა ამოაგდო და გუშინ ღამე უკვე ამ ტესტის შედეგის შესახებ გახდა ჩვენთვის ცნობილი, მშობელი დაუკავშირდა სკოლას და საქმის კურსში ჩააყენა“, - განაცხადა თამარ ამზაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც ბავშვი უსიმპტიმოა და თავს კარგად გრძნობს.

პროტოკოლის თანახმად, მოსწავლის ინფიცირების შესახებ სკოლამ შეატყობინა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ისე ცხელ ხაზს, ეპიდემიოლოგებს და განათლების რესუსრსცენტრს. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, კლასი, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლე დადის, დღეიდან უკვე ონლაინრეჟიმში გადავიდა, დანარჩენებს, დაახლოებით 300 ბავშვს კი ჩვეულებრივ რეჟიმში პირისპირ ჩაუტარდა გაკვეთილები:

„გაკეთებულია დეზინფექცია დილითვე ყველანაირი რაც კი შეიძლება გვქონოდა ჩვენი ძალით შესყიდული, სამინისტროდან გადმოცემული სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი როცა აღარავინ აღარ იქნება სკოლაში, მოვლენ სანეპიდ სადგურიდან და ისინი კიდევ დიდ დეზინფექციას გააკეთებენ“, - განაცხადა დირექტორმა, რომლის თქმითაც მკაფიო რეკომენდაცია მთელი სკოლის ონლაინსწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა თუ კონტაქტების მოკვლევის შედეგად რეკომენდაცია შეიცვალა, მზად არიან ყველანაირ რეჟიმში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი:

"თუ მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ღმერთმა არ ქნას, შეიცვალა მოცემულობა, რომელიც 2-3 დღეში გაირკვევა ალბათ და თუ რაღაცა გარკვეული ცვლილება მოხდება ამ მდგომარეობაში, ალბათ აუცილებლად გადავალთ ონლაინ რეჟიმში“, - განაცხადა თამარ ამზაშვილმა, რომლის თქმითაც, სასწავლო პროცესი სკოლაში არ შეწყდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

XS
SM
MD
LG