Accessibility links

საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის გამო


6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი აღარ გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.

„ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს.

მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით", - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო უწყება მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG