Accessibility links

წინა ღამით შედარებით სიმშვიდის შემდეგ ბრძოლები განახლდა აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის


6 ოქტომბერს განახლდა ცხარე ბრძოლები აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა ცეცხლის შეწყვეტისკენ სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, შუშან სტეპანიანის ცნობით, ღამით საბრძოლო მოქმედებების ხანმოკლე შეჩერების შემდეგ განახლდა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტზე სარაკეტო თავდასხმა. სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის ძალებმა „ფართომასშტაბიანი იერიში“ წამოიწყეს სამხრეთის ფრონტზე. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა დარტყმა განახორციელებს მის რამდენიმე რეგიონზე.

27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედების დაწყების შემდეგ ორივე მხარე იტყობინება 240 დაღუპულის შესახებ, ათეულობით სამოქალაქო პირის ჩათვლით. რეალური მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ, უფრო დიდია, რადგან ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დიდი ზარალი მიაყენა მოწინააღმდეგეს.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტების და მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაში.

საომარი მოქმედებების გამძაფრების შემდეგ გაიზარდა შეშფოთება, რომ კონფლიქტი გაღრმავდებოდა და ჩაითრევდა რეგიონის წონიან მოთამაშეებს - თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა და რუსეთს, რომელთანაც თავდაცვითი ხელშეკრულება აკავშირებს სომხეთს.

5 ოქტომბერს რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში და მის გარშემო და განაცხადეს, რომ კონფლიქტი, რომელიც ესკალაციას განიცდის, წარმოადგენს "დაუშვებელ საფრთხეს" რეგიონის სტაბილურობისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამ ერთობლივი მოწოდებით გამოვიდნენ იმ ფონზე, როცა სომხების და აზერბაიჯანელების ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს მწვავე შეტაკებები, ორივე მხარე ცეცხლს უხსნის მნიშვნელოვან ქალაქებს, მატულობს შეშფოთება სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე.

თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ბაქოში 6 ოქტომბერს სტუმრად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. „ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა, თურქეთი აზერბაიჯანია და აზერბაიჯანი - თურქეთი“, დაწერა ტვიტერით ჩავუშოღლუმ, რომელმაც გააკრიტიკა მინსკის ჯგუფი.

ჩავუშოღლუმ განაცხადა: „დავუშვათ, იქნება ცეცხლის შეწყვეტა, რა იქნება შედეგი? შეგიძლიათ თქვენ (მსოფლიომ) უთხრათ სომხეთს, დაუყოვნებლივ წავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, თუ თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ მისი წასვლა? არა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ.

აზერბაიჯანი მოითხოვს მთიან ყარაბაღის ტერიტორიიდან, რომელიც სამართლებრივად მას ეკუთვნის, და მას გარს შემოერტყა, სომხური ძალების გასვლას და აცხადებს, რომ არ დაასრულებს სამხედრო მოქმედებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.

მთიანი ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას და მიმდებარე მცირე რაიონებს სომხური ძალები აკონტროლებენ 1994 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეგიონისთვის ორ ქვეყანას ჰქონდა ომი, რომელსაც 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა და ასიათასობით ლტოლვილმა დატოვა რეგიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG