Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია განცხადებას აქვეყნებს სააკაშვილის შესახებ საარჩევნო რეკლამისა და ანტირეკლამის თემაზე


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური რეკლამის შესახებ.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „მთავარ არხს“ მიმართეს საარჩევნო სუბიექტებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ". მათ მოითხოვეს ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

„ორივე კლიპში მონაწილეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამჟამად ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და წარმოადგენს უკრაინის მოქალაქეს", - წერს წერს ნიკა გვარამია და განმარტავს, - „ნაციონალური მოძრაობის" კლიპი არის ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაცია (რეკლამა), ხოლო „ევროპული საქართველოსი" - ხელშემშლელი (ანტირეკლამა). კანონით კი საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს".

განცხადების თანახმად, ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, არხმა არ განათავსა არცერთი კლიპი.

„ამგვარად თავი დავიზღვიეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიგვეცა მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.

ორივე პარტიამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მათი არგუმენტები ჩვენთვის გასაგებია, რის გამოც წერილობით მივმართეთ კომისიას და ცესკოს და მოვითხოვეთ შესაბამისი ნორმების განმარტება.

გვიპასუხა ცესკომ (ქვემოთ იხ. ფოტო) - მიგვითითა კანონზე და გადაგვამისამართა მარეგულირებელ კომისიასთან. გვიპასუხა მარეგულირებელმა კომისიამაც", - წერს გვარამია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მთავარ არხისთვის" გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ის სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას მისი გამოვლენიდან ორი დღის ვადაში იღებს. წერილის თანახმად, კომისიის უფლებამოსილება შემოიფარგლება სამართალდარღვევაზე რეაგირებით.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, „მთავარმა არხმა" ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მიიღო კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი.

„მთავარი არხი“ კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტების და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება (რაც, იმავდროულად მისი ვალდებულებაცაა). ჩვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ინტერესს და ვერც სათანადო პასუხად ჩავთვლით მათ ბლანკეტური პასუხებს და შიდა პროცედურულ წარმოდგენებს საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით", - წერს გვარამია და ამატებს, - „იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია 10 ოქტომბრამდე არ მოგვცემს კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იმოქმედებს აღმატებული საჯარო ინტერესის შესაბამისად (მოსახლეობის მაქსიმალური წინასაარჩევნო ინფორმირება შემჭდროებულ ვადებში), სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ეთერში განათავსებს ორივე სახის კლიპს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG