Accessibility links

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს პატიმრობიდან გათავისუფლებული ოპოზიციონერი


სადირ ჟაპაროვი

ბიშკეკში, ყირგიზეთის მთავრობის შენობაში იმყოფება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სადირ ჟაპაროვი, რომელიც პარლამენტმა 6 ოქტომბერს წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება. ჟაპაროვის კანდიდატურის დასახელებამდე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარად გამოცხდდა კუბატბეკ ბორონოვი.

ყირგიზეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სადირ ჟაპაროვი 2017 წელს გაასამართლეს მძევლების აყვანის ბრალდებით და 11 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ჟაპაროვი კოლონიიდან 6 ოქტომბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დემონსტრანტებმა ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები დაიკავეს. იმავე დღეს ჟაპაროვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე უზენაესმა სასამართლომ განიხილა ახალი გარემოებების საფუძველზე, სამი ინსტანციის განაჩენი გააუქმა და საქმე გამოძიებას დაუბრუნა.

ყირგიზეთში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები 5 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა წინა დღეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან პარლამენტის მანდატები მიიღო 4-მა - ძირითადად, ყირგიზეთის პრომოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მხარდამჭერმა პარტიებმა.

ბიშკეკის ცენტრში აქციის ძალით დაშლიდან რამდენიმე საათში დემონსტრანტები პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თითქმის ცარიელ შენობებში შეიჭრნენ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა პრაქტიკულად, არ გაუწევიათ. დემონსტრანტების მოთხოვნით, სადირ ჟაპაროვის გარდა პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, კორუფციის ბრალდებით 2020 წლის ზაფხულში გასამართლებული ალმაზბეკ ატამბაევი. მას 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

6 ოქტომბერს, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააუქმა. ამას წინ უძღოდა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის მიმართვა დარღვევების გამოძიების და საჭიროების შემთხვევაში, შედეგების გაუქმების შესახებ. სამთავრობო შენობებში შეჭრა ჟეენბეკოვმა ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეაფასა. თავის მხრივ, ოპოზიციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა „მოვლენების სამართლებრივ ჩარჩოში დასაბრუნებლად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG